ტყეში შეშის მოსატანად წასული საქართველოს მოქალაქეების მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან. რუსმა სამხედროებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
"შეშინებული მოვიდა, მტირალი. 3 შვილის მამაა, ხომ უნდათ მოიტანონ შეშა, ხომ უნდა იცხოვრონ?! ავტომატები ჰქონდათო, აწიეთ ხელებიო - აწიეს ხელები, გაუკვრეს ხელ-ფეხი ალბათ, იციან აქ შებმა და წაიყვანეს ორივე," - ჰყვება ერთ-ერთი გატაცებულის დედა შორენა ბუზალაძე.
"კურიერი" სოფელ გრემისხევში ოკუპანტების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის დავით მიშელაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. დავით მიშელაშვილის დედა "კურიერთან" ჰყვება, რომ მისი შვილი ადრეც იყო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული.
"კიდევ კარგი გამოიქცა, თორემ იმას ციხეზე გადაიყვანდნენ, ის ადრეც იყო დაჭერილი," - აცხადებს ლუიზა მიშელაშვილი.