07 მაისი 2024,   23:39
ვრცლად
გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა - ჯანდაცვის მინისტრი

სამედიცინო დაწესებულებებს ადგილზე აქვთ საჭირო მედიკამენტები, რომლითაც შეძლებენ კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მანვე მოსახლეობა მოუწოდა რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციის ტემპის მაქსიმალურად გააქტიურებისკენ .

ზურაბ აზარაშვილის თქმით, რამდენიმე კვირაში ქვეყანა "ფაიზერის" წარმოების სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებს. 

"გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა 3000 შემთხვევამდე გვაქვს საშუალოდ ყოველდღიურად. აქედან ათასამდე ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ახალი შტამის, "ომიკრონის" შემთხვევა. თუ შეიძლება ჩავთვალოთ დადებითად, არის ის, რომ "ომიკრონის" მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი, გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი "ომიკრონის" შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რომლითაც ვახდენთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე, დამატებით, რამდენიმე კვირაში გვექნება "ფაიზერის" და "მერკის" წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის აქტიურად გაგრძელება,  დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ დისტანცია. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ,"-აცხადებს ზურაბ აზარაშვილი

დღის ამბები