მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას დაცვის და ბრალდების მხარეები აფასებენ.
ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. ადვოკატის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი.
"სამართლიანი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩვენ გავასაჩივრებთ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩაგვბარდება 2 კვირაში უკვე დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც იქნება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ იქ ვერ ვნახავთ ისეთ არგუმენტებს, რომელიც გაამყარებს თაღლითობის არსებობას. ვინაიდან ის ქმედება, რომელსაც პროკურატურა ედავება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს.
თაღლითობა ტყუილის გარეშე არ არსებობს და მათ არავინ მოუტყუებიათ. ყველა ოპერაციას ჰქონდა თავისი რეალური სახელი. საქმეში დაზარალებული და მოტყუებული ბანკი არ არსებობს," - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღმდეგ საკმარისი იყო, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა.
"ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, სასამართლომ განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და გადაწყვეტილება მხოლოდ შეცვალა კვალიფიკაციის ნაწილში. ჩვენ ჯერ ბუნებრივია არ მიგვიღია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამისად რომ მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, სამართლებრივ ნიუანსებს გავეცნობით, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დადასტურდა ეს. სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან თაღლითობაში მონაწილეობაზე.