16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება" - როგორ აფასებს ოპოზიცია საკადრო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში

მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ოპოზიციაში სკეპტიკურად აფასებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ეს არის ცვლილებები - ცვლილებებისთვის და, რეალურად, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. 

"ძალიან მიამიტური იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვთქვა, აი, ახლა რაღაცა შეიცვლება, უბრალოდ, ახალი სახელები და გვარები წარმოგვიდგა სხვადასხვა პოზიციებზე. არ მოგვისმენია ამ ცვლილებების გამო რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში, არც პრეზენტაცია გვინახავს, არც ხედვა, არც კონკრეტული გეგმა, არც მე, არც თქვენ. შესაბამისად, ეს არის ცვლილება ცვლილებისთვის, არაფერ კარგს არ უნდა ველოდოთ ამ ყველაფრისგან, ფორმალური ნაწილია,"- აცხადებს ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე.

იმავეს ფიქრობს საკადრო გადანაცვლებებზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება."

"ვერ ვხედავ რამე ისეთს, რომ რაღაც დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ბატონი დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროში ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი მინისტრი იქ გარღვევებს მოახდენს და ჩვენი 700 ათასი ჰექტარი მოუხნავი მიწა მოიხვნება, იქ დიდი წარმოებები განვითარდება და ა.შ. სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს არის, როგორც ჩანს, შიდა ტექნიკური გადაადგილება,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს, რომელიც იქამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციას იკავებდა. ჯერ ჯერობით, უცნობია, თუ სად გადაიყვანენ ნათია თურნავას, რომელიც ამ ცვლილებების გამოცხადებამდე ეკონომიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა, თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ის გუნდში რჩება. 

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ვინაობა - პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოთარ შამუგია წარადგინა, რომელიც 2020 წლიდან ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები