27 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
მკაფიოდ განვუცხადე, რომ უკრაინაში შეჭრას მოჰყვება მძიმე შედეგები - ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი რუს კოლეგას შეხვდა

რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს. პარალელურად, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მოსკოვში რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.

"მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი გენერალ შოიგუსთან და გენერალ გერასიმოვთან. გენერალ შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ, შეშფოთების ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მთავრობას. მკაფიოდ განვუცხადე, რომ შეჭრას მოჰყვება მძიმე შედეგები და ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია,"- აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი.
 
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საუბარი იყო მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე:

"არ დარჩენილა არც ერთი სიტყვა, არც ინგლისურ და არც რუსულ ლექსიკონებში, რომელიც ამ სანქციებს ჩემთვის აღწერს - კატასტროფული, დამანგრეველი, დამღუპველი და კიდევ ბევრი სიტყვა, რომელიც უკვე გამოყენებულია. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და სამწუხაროდ, ჩვენი თანამშრომლობის დონე ნულთან ახლოსაა, შესაძლოა გადაკვეთოს ნულოვანი წერტილი და უფრო ქვემოთაც ჩავიდეს, რაც მე ნამდვილად არ მომეწონება,"- აღნიშნავს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
 

დღის ამბები