"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ 2020 წელს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
"სიების ჩახსნის გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან ნაკარნახევი იყო იმ რეალობით, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბდა და იმ ზეწოლებით, რომელსაც ახორციელებდა ოცნება ოპოზიციურ პარტიებზე. შესაბამისად, მიშელს დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, სხვა რეალობაზე შეთანხმდა პოლიტიკური წრეები.
ამ რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, თუნდაც ის, რომ მიეცეს საშუალება ოპოზიციურ პარტიებს გამოკლებული პარლამენტის წევრების ნაცვლად, რომელიც ასევე უკანონოდ ხდება, სხვა პარლამენტის წევრები შემოვიდეს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოდიში უნდა მოიხადოს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ასევე უნდა აღიაროს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “მოქალაქეები“ უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდნენ.
"ბოდიში უნდა მოგვიხადოს ნაციონალურმა მოძრაობამ და გვითხრას, რომ ბოდიში, მართლები იყავით და რატომ არ დაგიგდეთ ყური, რატომ არ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევა. მოაწყეს რაღაც სიცანცარის აღლუმი, როცა ამ სიებით დარბოდნენ. იმით დაიწყონ, რომ ბოდიში მოგვიხადონ და გვითხრან, რომ თქვენ უფრო შორს მჭვრეტელები ხართ," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნაზე განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.
"თქვენ იცით, რომ პარტიის თავმჯდომარეები მივიდნენ და საკუთარ კოლეგებს ჩაუხსნეს პარლამენტის წევრის სტატუსი, მაგრამ თვითონ არიან პარლამენტის წევრები ყველა ასეთი ადამიანი," - ამბობს იაგო ხვიჩია.