16 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ახლა ყოველი დღე კიდევ უფრო რთული იქნება და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხები პენიტენციური სამსახურის მხრიდან - სააკაშვილის ადვოკატი

შიმშილობის ხელახლა ათვლა დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და მასთან ჰოლანდიელი და უკრაინელი ექიმების დაშვებას ითხოვს.

როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად საყურადღებო გახდა და ყოველი დღე კიდევ უფრო რთული იქნება. ადვოკატი პენიტენციური სამსახურის და სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამის პასუხებს მოითხოვს.

"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, მისი მდგომარეობა აქამდეც ძალიან საყურადღებო იყო და ვიცით, რომ ადეკვატური მკურნალობა არ გაეწეოდა და ახლა ყოველი დღე კიდევ უფრო რთული იქნება და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხები პენიტენციური სამსახურის მხრიდან, სამედიცინო პერსონალის მხრიდან და ა.შ." - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.

"პირადად მინდა გითხრათ, რომ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც მის სიცოცხლეს ამხელა რისკი ემუქრება, მას არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტი იყო და მან გადაწყვიტა, რომ მისი სიცოცხლის ფასად დაიცვას თავისი და ქვეყნის თავისუფლებაც," - აცხადებს ნონა მამულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლო პროცესზე უვადო სრული შიმშილობა გამოაცხადა.

დღის ამბები