საქართველო-რუსეთის მატჩი თბილისში და მოსალოდნელი პროვოკაცია - რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მატჩი 27 თებერვალს დინამოს სტადიონზე გაიმართება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან იგეგმება პროვოკაცია.
როგორც ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, გეგმის მიხედვით, რუსეთის ნაკრების წევრების შეურაცხყოფის გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც.
"იგეგმება პროვოკაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის მიერ - ასეთი ინფორმაცია მოვიდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს ემოცია სტადიონზე და უგულშემატკივროს საკუთარ ნაკრებს, მაგრამ არაფრის დიდებით არ დავუშვებთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სპორტსმენებს ან რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყონ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ ჩვენი რაგბისტები," - აცხადებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.
მოსალოდნელ პროვოკაციას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც.
"სხვადასხვა ჯურის პოლიტიკანებს თავის გამოჩენის საშუალება მრავალჯერ ჰქონდათ, მათ შორის, რუსებთან დაპირისპირების ჟამს და ყველგან და ყოველთვის მახსოვს ეს ადამიანები კუდამოძუებულები, გაქცეულები ბრძოლის ველიდან. ახლა ბინძური ხელის ფათური ქართულ რაგბიში, ქართულ სპორტში არ შეშვენის ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში რაგბის. რაც არ უნდა ინტრიგები იყოს გარეთ, ყველაფერი წყდება მინდორზე, ეს, ზოგადად, ძაბავს სიტუაციას," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.