04 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
პუტინი და ლავროვი ნამდვილად იქნებიან სანქციების სიაში, უფრო მეტსაც გავაკეთებთ, რუსეთმა მთელს მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე - ჯოზეფ ბორელი

პერსონალური სანქციები ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს - უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კრემლის აგრესიის პასუხად, ამ საკითხსაც განიხილავენ. არ არის გამორიცხული რუსეთის პრეზიდენტის და პირველი დიპლომატის აქტივები გაყინონ.

დეტალები ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ევროპელი დიპლომატები საპასუხო ნაბიჯებზე შეხვედრას დაასრულებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაახლოებით ერთი საათის წინ შეიკრიბნენ.

წინასწარ ითქვა, რომ სანქციები უნდა იყოს უმკაცრესი. ევროპელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ სხვაგვარად კონტინენტის უსაფრთხოება მძიმე გამოწვევების წინაშე დგება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთი ჯუნგლების კანონით მოქმედებს. 

"დაუწესდება თუ არა ლავროვსა და პუტინს სანქციები ამას საბჭო გადწყვეტს. გადაწყვეტილებას ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მივიღებთ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ შეთანხმების მისაღწევად. მინდა დაგიდასტუროთ, რომ პუტინი და ლავროვი ნამდვილად იქნებიან სანქციების სიაში. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დავაკვირდებით რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად უფრო მეტსაც გავაკეთებთ. მოდით ვიყოთ სერიოზულები რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრა განხორციელდა უკრაინაში და წამოიწყო ინტენსიური საომარი მოქმედებები.

ეს ყველაზე ცუდი რამ არის რაც ევროპაში მომხდარა ცივი ომის შემდეგ. არავინ იცის შემდეგ რა იქნება ად და რა არის პუტინის სამომავლო ზრახვები. ვფიქრობ სანქციების სიაში კონკრეტული პერსონები მოხვდებიან.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რას იტყვის საერთაშორისო საზოგადოება რადგან მომხდარი მთელს ევროპას შეეხო. რუსეთმა მთელს მსოფლიოს საფრთხე შეუქმნა. ყველამ ხმა უნდა მისცეს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვი იყენებს ჯუნგლების კანონს.

პუტინი ბრუტალურ ძალებს იყენებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თუ არ დავგმობთ მაშინ საფრხთის ქვეშ დავაყენებთ ჩვენ კურსს"- აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პუტინის და ლავროვის წინაღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი პასუხისმგებელი უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე.

"პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკვე მეორე დღეა უკრაინაში ხალხი იხოცება. დღეს ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიო პასუხი გვექნება, რომელიც რუსეთს გაანადგურებს.

ჩვენ პუტინის სისტემას დავარტყამთ არამხოლოდ ეკონომიკურად და ფინანსურად, არამედ მისი ძალაუფლების ბირთვში.

ჩვენ სანქციებს დავუწესებთ არამარტო ოლიგარქებს და დეპუტატებს, არამედ ჩვენ უკვე ზომებს მივიღებთ პირადად პრეზიდენტ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის წინააღმდეგ.

სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე. ისინი არიან პასუხისმგებელნი საერთაშორისო სისტემის გათელვაზე. ჩვენ, როგორც ევროპელები, ამას არ დავუშვებთ,"-აცხადებს ანალენა ბერბოკი.

ევროკავშირმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება სანქციების მეორე პაკეტზე. რაც შეეხება, ლავროვის და პუტინის აქციების გაყინვას, ამაზე მიმდინარეობს საუბარი, ეს ერთგვარი დამატებითი სანქციები იქნება სანქციების პაკეტ ნომერ 2-ში.

დიპლომატები აგრეთვე საუბრობენ სანქციების მე-3 პაკეტზე. სავარაუდოდ კრემლის პარალელურად სანქციები დაუწესდება ბელორუსაც.

დღის ამბები