19 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
დაღუპული სპორტსმენები და "წითელი ბარათი" რუს სპორტსმენებს - ომმა სპორტული სამყაროც გააერთიანა

თანამედროვე მსოფლიომ, უკრაინელების სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავგანწირვა კიდევ ერთხელ ნახა. აგრესორის წინააღმდეგ, უკრაინელები განსაკუთრებული თავგანწირვით იბრძვიან, მათ შორის მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები. ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელი ვიტალი საპილო, სამშობლოს დასაცავად სამხედრო სამსახურში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა. 21 წლის ფეხბურთელი სატანკო დივიზიაში მსახურობდა, ის ტანკს მართავდა. საპილო ეკიპაჟთან ერთად, კიევთან ახლოს, საომარი მოქმედებებისას გმირულად დაიღუპა.

კიდევ ერთი სპორტსმენი, რომელიც რუსულ ინტერვენციას შეეწირა, ფეხბურთელი დმიტრო მარტინენკოა. რუსული რაკეტა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სადაც სპორტმენი და მისი დედა იმყოფებოდნენ. უკრაინელი ფეხბურთელი 25 წლის იყო და ნახევარმცველის პოზიციაზე ჯერ "ლუგანსკში" შემდგომ კი კიევის სამოყვარულო ჩემპიონატში ასპარეზობდა სადაც საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ქალაქ ხარკოვის დაცვისას, ტრაგიკულად დაიღუპა 19 წლის უკრაინელი ბიატლონისტი, იუნიორთა ნაკრების ყოფილი წევრი ევგენი მალიშევი. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა.

რიგით მოქალაქეებთან ერთად იბრძვიან თანამედროვე სპორტის ლეგენდები. ძმები კლიჩკოები ფრონტის წინა ხაზზე არიან. სამშობლოს დასაცავად ბრიტანეთიდან მსოფლიოს ჩემპიონი, მოკრივე ალექსანდრ უსიკი დაბრუნდა, ანალოგიურად მოიქცა 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკო.

ემოციური იყო ვესტ ჰემისა და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველის ანდრეი იარმოლენკოს მიმართვა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ.

"შეკითხვა მაქვს რუსეთის ნაკრების მოთამაშეებთან: "ბიჭებო, რას სხედხართ ჩასვრილებივით და არაფერს ამბობთ? ჩემს ქვეყანაში კლავენ ადამიანებს, ჩვენს ცოლებს, დედებსა და ბავშვებს. მაგრამ თქვენ ხმას არ იღებთ, კომენტარს არაფერზე აკეთებთ. თქვით, რა მოგივათ იმისთვის, თუკი ერთად დადგებით და აჩვენებთ ხალხს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?" - ამბობს ანდრეი იარმოლენკო.

იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, გულშემატკივარს ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მიმართა. "მილანის" ლეგენდამ იტალიელებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით უკრაინული ფეხბურთის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ოლეკმსანდრ შოვკოვსკიმ.

"ძვირფასო იტალიელო მეგობრებო, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა უკრაინაში მშვიდობისთვის. უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს, რადგან მშვიდობას არ აქვს საზღვრები. ის, რაც გვაერთიანებს, უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ის, რაც გვყოფს. მოდით, ერთად შევაჩეროთ ეს ომი", - განაცხადა შევჩემკომ

უკრაინელი სპორტსმენების მსგავსად, რუსულ აგრესიას ქართველი სპორტსმენებიც უპირისპირდებიან, მათი გარკვეული ნაწილი უკრაინაში მუშაობს და ქვეყანა არც აგრესიის დაწყების შემდეგ დაუტოვებია, მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია, 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამორჩეული წევრი. სპორტსმენი ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია და ომი უნდა შეწყდეს.

უკრაინაში იმყოფება "ემ-ემ-ეის" ქართველი მებრძოლი მირო ვანაძე, რომელიც მოსახლეობას საკვები პროდუქტებითა და სასმელით ამარეაებს, სპორტსმენი ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია და ომი უნდა შეწყდეს.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. გამონაკლისი არც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მოკრივე ტაისონ ფიურია.

რაც შეეხება სანქციებს, საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის -"ფიბას" გადაწყვეტილებით რუსულ გუნდებს და ოფიციალურ პირებს ეკრძალებათ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა.

მსოფლიო მძლეოსნობის საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები განუსაზღვრელი ვადით მოკვეთა საერთაშორისო ტურნირებიდან.

საერთაშორისო ჩოგბურთის ორგანიზაციებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით რუსეთი და ბელარუსი ყველა ტურნირიდან ჩახსნა. ევროპის ჩოგბურთის ასოციაციამ რუსეთი და ბელორუსი ევროპის ფედერაციიდან და საერთაშორისო გუნდური შეჯირებებიდან გარიცხა.

ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს ჩამოაშორა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ-FINA-მ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე თავიანთი ქვეყნების სახელით ასპარეზობა აუკრძალა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი  

დღის ამბები