07 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე - მამუკა მდინარაძის პასუხი პრეზიდენტს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მოხსენების საპასუხოდ ჩამოთვალა, თუ რა გააკეთა მმართველმა გუნდმა უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე.

"ოკუპანტი ქვეყანა კვლავ იმავეს აკეთებს, ისევ იბრძვის სხვა ქვეყანაში, ისევ აწარმოებს ღია აგრესიას. თანამედროვე სამყარო სხვადასხვა გზებით ცდილობს ომის შეჩერებას და, ვივარაუდოთ, რომ შეძლებს ამას, მშვიდობის უზრუნველყოფას, რადგან იხოცებიან ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანები და მათ შორის ბავშვები. რას აკეთებს საქართველო ამ დროს - ეს კითხვა ისმევა და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის დაზიანების მცდელობებიც ვნახეთ, სამწუხაროდ. საქართველო ყოველთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას, ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მათ შორის, იმ დამაზიანებელი განცხადებების საპასუხოდ, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ ვისმენთ - საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას - აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას რუსეთისათვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპული საბჭოს კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველომ ეუთოს 44 წევრთან ერთად მხარი დაუჭირა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც მიზნად ისახავს გამოიძიოს ეუთოს ვალდებულებების შესაძლო დარღვევისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების შემთხვევები, ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო შემთხვევები. საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომელთაც მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაიწყოს გამოძიება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და სამხედრო დანაშაულების შესახებ. ეს არის ჩვენი უპირობო დიპლომატიური მხარდაჭერის მცირედი ჩამონათვალი,"- განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები