დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს; გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე.
მათივე ცნობით, დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერია მოუწოდებს მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
მერიაში ამბობენ, რომ შეფერხებები ფიქსირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, პრობლემების შემტხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე.