ინტენსიური თოვის გამო თბილისსა და რეგიონებში ისევ პრობლემებია. შეზღუდვებია გზებზე. ნახევარ მეტრს აღწევს თოვლის საფარი დედაქალაქის შემოგარენში. წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და კიკეთში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, თუმცა გზებზე მოძრაობა მაინც გართულებულია.
როგორც "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, მთავარი აქცენტი გადატანილი იყო პირველი კატეგორიის ქუჩების გაწმენდაზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება, რის გამოც სხვა კატეგორიის ქუჩების გაწმენდა თავდაპირველად ვერ მოხერხდა, რის გამოც "თბილსერვის ჯგუფი" თბილისის მოსახლეობას ბოდიშს უხდის:
"თბილისერვის ჯგუფი" ბოდიშს უხდის დედაქალაქის მოსახლეობას, რადგან აქცენტი არის პირველადი კატეგორიის ქუჩების გაწმენდაზე თბილსერვის ჯგუფისა და მუნიციპალიტეტის რესურსით. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადაც გადაადგილდება, ის მონაკვეთები იყოს პირველ რიგში გახსნილი, ამიტომ მთელი რესურსი იყო გადასროლილი ცენტრალური ქუჩების გახსნაზე. თუმცაღა, ამ შემთხვევაშიც კი ვერ მოხერხდა ყველა ქუჩის გახსნა თავიდანვე, რადგან ძალიან ინტენსიური თოვა იყო. 12 დღეა ინტენსიური თოვაა, დაახლოებით 4000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი," - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი დავით ფაჩულია.