04 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი საზოგადოებას 2021 წლის "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ" ანგარიშს აცნობს. მანამ სანამ დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება, ანგარიშის მთავარ ასპექტებს ნინო ლომჯარია საკუთარ ოფისში აჯამებს.

"2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და უფრო მეტიც, რიგი მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. 2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი სახელწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა იყო," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერ თავდასხმებს და მუქარის ფაქტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშს შესაბამისს ვადებში მოისმენს.

დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, საკომიტეტო განხილვების შემდეგ ომბუდსმენი მოხსენებით დეპუტატების წინაშე უკვე მომდევნო სასესიო კვირას წარდგება.

დღის ამბები