შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი - 1993 წელს დაბადებული ა.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.
ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დაკავებულმა ტაქსის მძღოლმა თანხის გამოძალვის მიზნით ლატვიელი პროფესორები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმროს ნაცვლად კახეთისკენ წაიყვანა. ტურისტები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ ვაზიანის პოლიციაში.