26 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
შესაძლოა, ცალკეული დანაშაულებისთვის სასჯელი დამძიმდეს - კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა

შესაძლოა, ცალკეული დანაშაულებისთვის სასჯელი გაიზარდოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდია. 

"მმართველმა გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს, ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის პროპორციული  სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ: განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთისთვის მინიმალურ ვადად, დღეს მოქმედი 7 წლის ნაცვლად, განისაზღვრება 10 წელი.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ზოგიერთი განზრახ მკვლელობისთვის კი, დღეს მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. ჩვენ მიერ ინიციირებული ცვლილებებით კი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახ მკვლელობისთვის განისაზღვრება 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. აქედან გამომდინარე, მაგალითად, არასრულწლოვნის, ან ორსული ქალის განზრახ მკვლელობისთვის შესაძლებელი გახდება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

ამასთან, მკაცრდება სასჯელი: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით, ასევე, მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი, კერძოდ: დღეს მოქმედი კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას გამოყენებული იქნეს მობილური ტელეფონით, ან ვიდეოკამერით განხორციელებული ჩანაწერი - მაშინ, როცა ასეთი ვიდეო ჩანაწერი ხშირად უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, ასეთი ვიდეო ჩანაწერის განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება ისეთი დანაშაულების გამოძიებისას, როგორიც  არის ოჯახური ძალადობა, მუქარა, იძულება, ადევნება და სატრანსპორტო ხასიათის დანაშაული.

ასეთი საქმეები ხასიათდება, ხშირად, ლატენტურობით და გამოსაძიებლად რთულია. ამიტომ, ამ დანაშაულების გამოაშკარავება შესაძლებელია სწორედ მათი ამსახველი ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანად ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას და პროპორციული სასჯელის განსაზღვრავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნული საკითხის განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები