27 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-მდე უნდა გაიზარდოს - სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა

ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ოთარ შამუგია კანონმდებლების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა, უპასუხა დეპუტატების კითხვებსაც.

მინისტრის თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს. მინისტრმა, გამოწვევების პასუხად, ქვეყნის ერთერთ მთავარ მიზნად ადგილობრივი წარმოების ზრდა დაასახელა.

"არსებობს კითხვა - ხომ არ შეიქმნება სურსათის მომარაგების პრობლემა. ჩვენ მუდმივ მონიტორინგზე გვყავს ეს პროცესი, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან, შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი შეფერხებები არ გვაქვს, თუმცა არსებულმა ვითარებამ დაგვანახა რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, ამიტომაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასების ზრდა, რაც მთელ მსოფლიოშია და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი. მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების ზრდას, რისთვისაც ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, მინისტრმა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში, წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს კერძო სექტორთან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებითაც.

დღის ამბები