27 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
რუსეთი კიევზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობისა და მასშტაბების გაზრდით იმუქრება

რუსულმა ჯარებმა საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ზაპორიჟიის ოლქის ქალაქ ვასილივკაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და შენობები. დაღუპულია 1 და დაშავებულია 5 ადამიანი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინელი მესაზღვრეები დაბომბეს ჩერნიგოვის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში. დარტყმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ოკუპანტების იერიშებს 3 ადამიანი ემსხვერპლა დონეცკში. დაშავდა 7 მოქალაქე.

დილით განგაშის სიგნალი გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქში, კიევის ადმინისტრაციამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. კიევის ოლქში ისმოდა აფეთქებების ხმა.

რუსეთი იმუქრება, რომ უკრაინის მხრიდან რაიმე ტერორისტული ქმედების ან დივერსიის ჩადენის საპასუხოდ კიევზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობას და მასშტაბებს გაზრდის

"დღეს ღამით, მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით კიევის გარეუბანში სამხედრო ობიექტზე იერიში მივიტანეთ. გავანადგურეთ შორი და საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემები, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოებისა და შეკეთების სახელოსნოები. კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე ტერორისტული თავდასხმის ან დივერსიის ჩადენის საპასუხოდ, კიევის სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ისინი მუშაობენ არა მხოლოდ ომის დანაშაულის, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. ამასთან ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ  უკრაინის ნებისმიერი მოქალაქეს რომელმაც დაკარგა სახლი ან ბიზნესი შეეძლება კომპენსაციის მიღება:

"ჩვენ ვმუშაობთ არამხოლოდ ომის დანაშაულზე, არამედ დანაშაულზე კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდზე! ამასთან, მინდა იცოდეთ, უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე რომელმაც დაკარგა სახლი ან ბიზნესი შეუძლია კომპენსაციის მიღება. მე დავასახელე ამაზე პასუხისმგებელი პირები, და ყველაფერს გავაკეთებ მათი სათანადოდ დასჯისთვის," - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა.

 

დღის ამბები