27 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ცესკო პრეზიდენტის არჩევნების ახალი წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნების ახალი წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, არჩევნების ვადების, წესებისა და პროცედურების თაობაზეა საუბარი.

"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება – პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები. ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვეტილება არჩევნების 14 დეკემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღო.

რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს – არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 14 დეკემბერს, საჭირო გახდა ზოგიერთი ღონისძიებისა და ვადის მოდიფიცირება, რის უფლებამოსილებაც საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით აქვს. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს", – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

დღის ამბები