"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი "ძლიერი საქართველოს" მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი გიორგი სიორიძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.
მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოებამ მორიგ ჯერზე იხილა ოპოზიციის ტყუილი, თითქოს ისინი არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრის დანიშვნას მოითხოვენ.
"ეს ორმაგი სტანდარტები და ალოგიკური განცხადებები ხალხისთვის უკვე ცნობილია. პარლამენტს არ ცნობენ, ლეგიტიმური არ არისო და შალვა პაპუაშვილს, მის თავმჯდომარეს მიმართავენ, შეგვიწყვიტე უფლებამოსილებაო. ცესკოს არ ცნობენ, არალეგიტიმურიაო და "ლელო" მიმართავს თავის წევრზე, რომ გაუგრძელოს უფლებამოსილება. ეს არის ის რასაც თავიანთი ამომრჩეველი ედავება, რომ ისინი არიან მატყუარები. ატყუებენ ხალხს, ჯერ საკუთარ თავს არჩევინებენ პარლამენტში, მერე იქ აღარ შედიან, ზოგი კარავში შედის, ზოგი ბრიუსელში გარბის და ასე ატყუებენ თავიანთ ამომრჩევლებს. საზოგადოება, მორიგ ჯერზე იხილა ტყუილები. პარლამენტის აღიარება ოპოზიციიდან შალვა პაპუაშვილის მიმართვით და "ლელოს" მხრიდან ცესკოსთვის მიმართვით, რომ გაუგრძელონ თავიანთ წევრს უფლებამოსილება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.