01 მაისი 2024,   16:51
ვრცლად
მარიუპოლის მერი მოსახლეობის გამოსაყვანად რუსებს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს - რა ხდება ოკუპანტებისგან განადგურებულ ქალაქში

მარიუპოლში ოკუპანტები დანაშაულის დაფარვას ცდილობენ და ცხედრებს მასობრივ სასაფლაოებზე მარხავენ.

ცოტა ხნის წინ საპორტო ქალაქის მერმა განცხადება გააკეთა, მან მოუწოდა რუსეთს, სააღდგომოდ, მხოლოდ ერთი დღით შეწყდეს ცეცხლი, რათა მოსახლეობამ მიწასთან გასწორებული ქალაქიდან გამოსვლა შეძლოს.

ამ ეტაპზე შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნების გავლით მარიუპოლი მხოლოდ ოთხმა ავტობუსმა დატოვა. საუბარია 70 ადამიანზე, მაშინ როდესაც ოფიციალური წყაროებით ყველა რესურსის გარეშე თითქმის ორი თვეა ადგილზე ასი ათასამდე მოქალაქე იმყოფება.

მერი ღიად აცხადებს, რომ დამალული მოსახლეობა ვერ ბედავს ევაკუაციის წერტილში მისვლას და ამ გადაწყვეტილებას მათთვის სიცოცხლის რისკის ფასი აქვს, ვინაიდან ისვრიან ყველა მხრიდან.

"სიტუაცია ძალიან რთულია, დღეს ითქვა, რომ ბევრი ავტობუსი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ 7 ავტობუსი იყო, გვეგონა, რომ უფრო მეტიც იქნებოდა და უფრო მეტი ადამიანი დატოვებდა ქალაქს, მაგრამ როგორც ჩანს რუსებს სხვანაირი გეგმა ჰქონდათ. მათ საევაკუაციო ტერიტორია გადაკეტილი აქვთ ტანკებით და ტექნიკით, შესაბამისად ევაკუაციისთვის საჭირო ადგილამდე მიღწევა ძალიან რთულია. ამ ეტაპისთვის მხოლოდ 4-მა ავტობუსმა შეძლო ევაკუაციის განხორციელება, 80 ადამიანი უკვე უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი.

პრობლემა კიდევ იმაშია, რომ რუსები ავტობუსებს ანადგურებენ, რომ მოქალაქეებმა ქალაქის დატოვება ვერ შეძლონ, დღეს საუბარი იყო, რომ 22 ავტობუსი იქნებოდა, მაგრამ აქ ვერცერთს ვხედავთ. ვიფიქრეთ, რომ ევაკუაცია მოხდება პრიორიტეტის შესაბამისად, მაგალით ჯერ ბავშვები და ქალები.

რუსი სამხედროები ცდილობენ ომის დანაშაულის გადაფარვას, მაგალითად ბევრი დაღუპულის ცხედარი ქუჩებიდან ქრება. გვინდა რომ ერთი დღე ცეცხლი შეწყდეს, რომ ვაცნობოთ ქალაქის ნანგრევებში დამალულ მშვიდობიან მოქალაქეებს, ევაკუაციის შესახებ, ასევე გვინდა ჩვენმა სამხედროებმაც თავიანთი იარაღით დატოვონ ტერიტორია,"- აცხადებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო

ყოველდღე იბომბება ხარკოვიც. ქალაქის მერის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო დაბომბვების მიმართულება შეცვალეს და ახლა უკვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ბომბავენ:

"24 თებერვლიდან დღემდე ხარკოვი ფაქტობრივად ყოველ დღე იბომბება, როგორც ჰაერიდან, ასევე ხმელეთიდან. გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულმა დაბომბვებმა საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა, საჭიროა ხალხის დაუყოვნებლივ ევაკუაცია.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია, შესაძლოა ითქვას, რომ სარაკეტო დაბომბვების მიმართულება შეიცვალა, ამ დრომდე მტერი მხოლოდ ქალაქის გარშემო, წრიულად ახორციელებდა დარტყმებს, ახლა კი ძირითადად ქალაქის ცენტრალური ნაწილი იბომბება,"-  განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.

დღის ამბები