აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლს ყველა შესაძლო იარაღით უტევს და ასევე, უკრაინელი სამხედროების პოზიციების შტურმით აღებას ცდილობენ.
"დღეს დიდებული დღეა, ამის მიუხედავად, მტერი ყრის საჰაერო ბომბებს, გვირტყამს საზღვაო არტილერია, ქვემეხები ისვრიან, მტრის ტანკები აგრძელებენ დარტყმას, ქვეითი ჯარისკაცი ცდილობს შტურმს," - განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა. მან მთელ ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა მხარდაჭერისკენ და მარიუპოლში მყოფი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციაში დახმარებისკენ.
რუსი აგრესორების მხრიდან მარიუპოლში "აზოვსტალზე" შეტევას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი . მისი თქმით, პუტინის ბრძანება რომ აზოვსტალზე შტურმი არ იქნებოდა, არ სრულდება.
პოდოლიაკი რუსეთს მოუწოდებს დაფიქრდნენ და რეპუტაციის ნარჩენების შესანარჩუნებლად სამი ნაბიჯი გადადგან - გამოცხადდეს ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლში, მშვიდობიან მოსახლეობისთვის გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი და შეთანხმდნენ "მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზე" , რომლის მეშვეობითაც უკრაინა შეძლებს სამხედროების წამოყვანა/გაცვლას.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღეს 2 თვე შესრულდა.