პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ომის მეორე ფრონტი არ იქნება. ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც პრემიერ მინისტრი ამბობს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები იყო მიმართული მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი.
"მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რამენაირად, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ, ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ ბრალდებები რძეზე, ყველზე და შემდეგ და ახლა მოვისმინეთ ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი, დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვაში და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სხვა განცხადებებიც, რომელიც უკავშირდებოდა სხვა ანალოგიურ განზრახვას და მათ მიერ დამწუხრებით გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და არ გავაკეთებთ ომს და რომ ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით მეგობრებო, სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ომი და შედეგად, ქვეყანა დაინგრა.
დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. თქვენ გესმით საერთოდ, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ყველა.
მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა და გაუბედურება. მე ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.