04 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
ნაბიჯი, რომელიც დღეს რუსეთმა გადადგა, თვითონ მას აზიანებს, კრემლი რუსეთის ეკონომიკას ზიანს აყენებს - ურსულა ფონ დერ ლეიენი "გაზპრომის" განცხადებაზე

ბრიუსელში დღის მთავარი თემა "გაზპრომის" განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთსა და ბულგარეთს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება. ამ თემაზე ევროკომისიაში სპეციალური განცხადება გააკეთა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, რომელმაც თქვა, რომ ეს პუტინის რეჟიმის მორიგი შანტაჟია, რომლისთვისაც ევროკავშირი მზად იყო. 

მისივე თქმით, ამაზე ევროკავშირის პასუხი ძალიან სწრაფი და ერთიანი იქნება:

"ჩვენი სახელმძღვანელო ნათელია. რუბლში გადახდა ჩვენი სანქციების დარღვევაა. ჩვენი კონტრაქტების დაახლოებით 97% ითვალისწინებს ევროში ან დოლარში გადახდას. რუსეთის მხრიდან რუბლში გადახდაზე მოთხოვნა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და არა კონტრაქტით გათვალისწინებული. ასეთი კონტრაქტებიანი კომპანიები არ უნდა დათანხმდნენ რუსეთის მოთხოვნებს. ეს სანქციების დარღვევა იქნებოდა, შესაბამისად მაღალი რისკია კომპანიებისთვის. სანქციების მე-6 პაკეტი თავის დროზე დაწესდება, ინტენსიურად ვმუშაობთ ამაზე. ნაბიჯი, რომელიც დღეს რუსეთმა გადადგა, თვითონ მას აზიანებს. კრემლი რუსეთის ეკონომიკას ზიანს აყენებს, რადგან თავიანთ თავს უწყვეტენ მნიშვნელოვან შემოსავალს. ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის საკითხზეც. ასევე, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების საკითხზე ვმუშაობთ, რათა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. უკვე შევამცირეთ რუსეთიდან მომავალი გაზის ნაკადი. ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებლები გავხდეთ რუსული წიაღისეული საწვავისგან გაცილებით უფრო სწრაფად," - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

 

 

დღის ამბები