04 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე რჩებიან, პუტინმა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება დაიწყო - რა ალტერნატიული გზები აქვს ევროპას

კრემლის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. პოლონეთი და ბულგარეთი დღეიდან რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. გაზპრომმა მათ ბუნებრივი აირის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ორივე სახელმწიფომ საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა. პოლონეთი წლიურად რუსეთისგან 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებდა, რაც ქვეყნის საჭიროების 44 პროცენტს ფარავდა. მნიშვნელოვანი დამოკიდებულების მიუხედავად, დღეს ვარშავაში აცხადებენ, რომ პოლონეთის საცავები თითქმის სავსეა.

რუსეთი ნავთობის შეზღუდვას იარაღად რომ გამოიყენებდა, ეს პოლონეთმა იცოდა და ალტერნატიული გზებიც მოძებნა, თუმცა ბულგარეთზე იგივეს ვერ ვიტყვით, რომელიც რუსულ გაზზე 90 პროცენტით არის დამოკიდებული და გაზის მხოლოდ ერთი თვის მარაგი აქვს დარჩენილი. სოფიაში აცხადებენ, რომ რუსულმა ენერგოგიგანტმა კონტრაქტი დაარღვია, რადგან ბულგარეთს აპრილის თვის საფასური გადახდილი აქვს.

გაზის რესურსების მისაღებად ალტერნატიულ გზებს ეძებს გერმანიაც, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვად არის დამოკიდებული.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთი ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის მოთხოვნას დათანხმდა და ბუნებრივ აირს რუბლში შეიძენს.

რუსეთის ენერგორესურსებით შანტაჟზე განცხადება გაკეთდა დღეს ევროკავშირშიც. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუბლში გაზის საფასურის გადახდა სანქციების დარღვევად შეაფასა.

ევროპის კონტინენტი რუსულ ბუნებრივ აირზე 40 პროცენტით არის დამოკიდებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საომარი მოქმედებების მიუხედავად, ევროკავშირის სახელმწიფოები რუსული გაზით მაინც უკრაინის ტრანზიტით მარაგდება უწყვეტად. ორი რუსული მილსადენი სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე გადის. რა პროცესები განვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ევროპა  რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ნულ პროცენტამდე დაიყვანს, ბუნდოვანია. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების მხოლოდ ზომიერმა შემცირებამაც კი, შესაძლებელია, რომ მთელს მსოფლიოში ფასებზე დიდი გავლენა მოახდინოს და დააზარალოს თავად უკრაინაც, რომელიც ბუნებრივი აირის გატარებაზე თანხას სამხედრო ინტერვენციის პირობებშიც იღებს.

 

დღის ამბები