04 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
"31-ში ჩვენები მოვიდნენ" - წარწერა სოფელი იაგოდნოეს სკოლის შენობაზე, სადაც 360 ადამიანი 1 თვე ტყვეობაში იყო 

სოფელ იაგოდნოეში სკოლის შენობა ოკუპაციის მძიმე ისტორიას ინახავს, შენობის კედელი კი, სამხედრო დანაშაულის ფაქტებს.

რუსი სამხედროების უკრაინელი ტყვეები, კარის ერთ მხარეს იმ ადამინების სახელებს წერდნენ, ვინც ტყვეობაში დაიღუპა, მეორე მხარეს კი, ვინც განსხვავებული აზრის გამო, მოხუცების და ბავშვების თვალწინ დახვრიტეს. ერთი თვის განმავლობაში ოკუპანტებმა ადგილობრივი 360 ადამიანი სკოლის სარდაფში ჩაიყვანეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

სარდაფში გამოკეტილებს არ ქონდათ საკმარისი ჰაერი. ამიტომ კედლების დახვრეტა მოუხდათ.
ისინი იხსენებენ, რომ ზოგჯერ, საღამოობით სკოლის ეზოში გასვლის და ჰაერის ჩასუნთქვის უფლებას აძლევდნენ. თუ გარეთ ყოფნისთვის მეტ დროს ითხოვდნენ, რუსი ჯარისკაცები ცეცხლს უხსნიდნენ და კლავდნენ. ახლა უკვე ყოფილი ტყვეები ამბობენ, რომ თუ ადამიანი ღამით კვდებოდა, დილამდე ცხედარი ცოცხლების გვერდით, სარდაფში ესვენა. ოკუპანტები მიცვალებულებს საერთო სამარხში ასაფლავებდნენ.

სარდაფში ხუთი ოთახი იყო, ზოგი დიდი, ზოგი პატარა. ადგილობრივები ცხოვრობდნენ დერეფანშიც. შენობაში იყო ქვიშის იატაკი, ტყვეებს მუყაოს ყუთებზე ეძინათ. პერიოდულად არ იყო ელექტროენერგია. საპირფარეშოში შესვლის უფლებას ყოველთვის არ აძლევდნენ.

ტყვეობას გადარჩენილები იხსენებენ, რომ რუსი ჯარისკაცები საკვებად, დღეში ერთხელ 2 კოვზ ფაფას აძლევდნენ.

სკოლის სარდაფის კარზე ერთი თვის ქრონოლოგიაა აღწერილი, რომელიც სრულდება წარწერით: "31-ში – ჩვენები მოვიდნენ".

დღის ამბები