28 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
"ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი მისი უცხოეთში გადაყვანა" - მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" ულტიმატუმს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ და განმარტავენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თავს დათრგუნულად გრძნობს პატიმრობისა და იმის გამო, რომ ის საკვებს არ იღებს, ასე შესაძლოა პატიმართა 99% იყოს. შესაბამისად, მის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას "ქართულ ოცნება" უსაფუძვლოს უწოდებენ. 

"აქციების უფლება ყველას აქვს, მაგით არავის არაფერი უკვირს. არ არის ფსიქოლოგიური წამება მთელი საზოგადოებისა, როცა ყოველდღიურად ტყუილს ეუბნება აი მოკვდება, მოკვდება, იმიტომ, რომ შიმშილობსო? ახლაც ანალოგიური ვითარება გვაქვს. თუ ამ სამედიცინო ტერმინოლოგიას ცოტა ადამიანური თვალით შევხედავთ, ეს არის, რომ თუ ადამიანი თავს ციხეში ფსიქოლოგიურად დათრგუნულად გრძნობს და არ უნდა იმ საკვების მიღება, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში ადამიანმა უნდა მიიღოს, ამ მდგომარეობაში ყოფნა, რა თქმა უნდა, დამთრგუნველი იქნება პატიმართა ალბათ 99%-სათვის,"- აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ულტიმატუმით საუბრობს, უფრო მეტად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ აინტერესებდეთ, ვიდრე მისი თავისუფლებაზე ყოფნა, მაშინ მას ურჩევდნენ, ცილა მიეღო:

"ვინც დღეს ულტიმატუმით საუბრობს, უფრო მეტად რომ აწუხებდეთ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და არა მისი თავისუფლებაზე ყოფნა, ამ შემთხვევაში პირველი მოწოდება იქნება, რომ ცილის მიღება აღადგინოს ადამიანმა პირველ რიგში, რადგან ის, რომ ცილას არ იღებს იქედან განვითარდა ის დიაგნოზები, რაც მას დაუსვეს. ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი მისი უცხოეთში გადაყვანა - აქვს ვინმეს ამაზე პასუხი? - არ მგონია ასეთი ტიპის საკითხებზე აქციების მოწყობას დიდი რესურსი ჰქონდეს. ნებისმიერ პროტესტს უნდა შევხედოთ რამდენად საფუძვლიანია მოთხოვნა, რა მიზნითაც შესაძლოა ორგანიზებული იყოს აქცია,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები