ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს. შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ შეფასება დადებითი იქნება, სტატუსის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
"კითხვარზე მთავრობამ ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა და პირველი ნაწილის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკვე მოხდება. მთვარობა ამასთან დაკავშირებით განაგრძობს მუშაობას, რა თქმა უნდა, ყველა ობიექტური ინფორმაცია, ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია იქნება სათანადოდ დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა პასუხისმგებლობა არის, რომ წარმოვადგენდეთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობაში,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 13 მაისამდე მზად იქნება.