ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს. შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ შეფასება დადებითი იქნება, სტატუსის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს დიდი ფასი აქვს გადახდილი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
"ვფიქრობთ, რომ საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის მოწინავე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამას ფაქტები დაადასტურებს, როგორც ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით და ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ისე საკანონმდებლო დაახლოების ვფიქრობ, წლების განმავლობაში საქართველოს ბეჯითი მუშაობა უნდა დაფასდეს. საქართველოს ევროპული არჩევანი უკვე დიდ ხანია გაკეთებული აქვს, დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად და ამისთვის ქართველ ხალხს დიდი საფასურის გაღებაც მოუწია. ვფიქრობ, ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს იგი იმედოვნებს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით, უკრაინა-საქართველო- მოლდოვა იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს იყო არცთუ დადებითი განცხადება გაკეთებული ევროპელი ლიდერების მხრიდან ამ კუთხით, მით უმეტეს, რომ კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებიდან ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, გვაქვს იმის იმედი, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ინფორმაციისთვის, 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 13 მაისამდე მზად იქნება.