15 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ოპოზიცია ევროკომისიის კითხვარზე პასუხების გასაჯაროებას ითხოვს

ევროკომისიის კითხვარზე პასუხებს ითხოვს ოპოზიცია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა გასაჯაროებულიყო ევროკავშირის კითხვარზე პასუხი, რადგან ოპოზიციისთვის საინტერესოა, რა პასუხები გაეცა იმ თეზისებს, სადაც საუბარი არის მართლმსაჯულების სისტემაზე.

"მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ", რომ არ გაესაჯაროებინა ამ კითხვარზე პასუხები. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა  გვქონოდა საჯარო ინფორმაცია. მხოლოდ კითხვარზე პასუხის გაცემა არ არის მიღწევა, გააჩნია რა პასუხები იქნა გაცემული და როგორ შეაფასებს ამ პასუხებს ევროკავშირი,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირში არა კითხვარის შევსებაზე, არამედ იმ განწყობაზეა დამოკიდებული, რომელიც ახლა არის მთელს მსოფლიოში.

"ევროკავშირის კითხვარს რაც შეეხება, კარგი იქნება, რომ შევსებული ვარიანტიც გვენახა ოპოზიციასაც და დანარჩენ საზოგადოებასაც და გამოგვეთქვა. ამის მიუხედავად, ჩვენი მომავალი დასავლეთში კითხვარის შევსება - არშევსებაზე არ იქნება დამოკიდებული. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია  იმ განწყობაზე და სიტუაციაზე სამყაროში, რომელიც ახლა არსებობს,"-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის კითხვებზე პასუხები უნდა გასაჯაროვდეს. 

"ევროკავშირის კითხვარის კვალიფიციური შევსება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმედი, მაქვს, რომ ეს ასე იქნება. ჩვენ არ ვიცით ამ კითხვებზე რა პასუხები იქნა მომზადებული,"-აცხადებს ლევან იოსელიანი.

ინფორმაციისთვის, 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 13 მაისამდე მზად იქნება. 

დღის ამბები