15 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"საქართველოს მთავრობა იქცევა დიდი პასუხისმგებლობით, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს" - მაიკლ კარპენტერი

ეუთო-ში ამერიკის ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მეორე ფრონტის შესაძლო გახსნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობით იქცევა, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. მაიკლ კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს გაჭიანურებულ კონფლიქტებს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა დიდი პასუხისმგებლობით, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. ჩვენ რა თქმა უნდა მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მომენტში, როგორც ყველამ იცით, საქართველოში ადგილზე წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო კი მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს.

გასულ კვირას დნესტრისპირეთში რამდენიმე აუხსნელი აფეთქება მოხდა და ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ეუთოს მანდატი მოიცავს მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და მის გარშემო უსაფრთხოების ვითარების მონიტორინგს და რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ ასევე ყარაბაღს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში მაიკლ კარპენტერი.

დღის ამბები