15 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ატლანტიკურ საბჭოში მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს, როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის გაძლიერება და დაცვა იყო

საქართველო, როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა, მისი გაძლიერება და დაცვა,- ეს იყო ატლანტიკურ საბჭოში ერთ-ერთი მთავარი თემა, სადაც მადრიდის სამიტზე განსახილველ საკითხებზე მსჯელობდნენ. აღინიშნა, რომ ალიანსის ვალდებულებად ყველა იმ პარტნიორის დახმარება უნდა იქცეს, რომელიც რუსეთისგან აგრესიის პირდაპირ საფრთხეს განიცდის.

სამიტამდე 2 თვე დარჩა და იკვეთება ის მთავარი თემები, რომლებზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, მადრიდში საუბარი მოუწევთ. დღეს, ამერიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ალიანსის მომავალი შეხვედრის საკითხებს, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრთან და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებთან ერთად, ატლანტიკურ საბჭოში განიხილავდა. შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად არანატოელი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს გაძლიერების საკითხი დაასახელეს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულებად უნდა იქცეს. ევროპის კონტინენტზე მშვიდობიანი გარემო აღარ არის და მოკავშირეების დაცვა, ალიანსში პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნება და საიმედო თავდაცვა და შეკავება, ატლანტიკის ორივე მხარეს მთავარი ამოცანაა.

"ჩვენ სხვა ეპოქის, 2010 წლის ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია გვაქვს. ახლა მისი განახლების მომენტი დადგა და ლიდერები ამაზე შეთანხმდნენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ერთიანობას, რომელიც ნატო-ში ვნახეთ. ეს ერთიანობა უნდა იყოს გამყარებული ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციაში, უმთავრესი მიმართულებებით, რაც საიმედო თავდაცვას და შეკავებას გულისხმობს. ეს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამ საკითხს დიდი ყურადღება დაეთმობა და ბევრი დისკუსია იქნება," - აცხადებს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტე უოლანდერი.

ალიანსის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ალიანსის ოფიციალურ სტრატეგიად და ვალდებულებად უნდა იქცეს არა მარტო უკრაინის დახმარება, არამედ ყველა იმ პარტნიორი ქვეყნის დახმარება, რომელიც რუსეთისგან აგრესიის პირდაპირ საფრთხეს განიცდის, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვასი.

"ოფიციალურად უნდა გახდეს ალიანსის სტრატეგია ის, რასაც ჩვენ ბოლო თვეებში უკრაინის დახმარების მხრივ ვაკეთებთ. ალიანსის ვალდებულებად უნდა იქცეს ყველა იმ პარტნიორის დახმარება, რომელიც რუსეთისგან აგრესიის პირდაპირ საფრთხეს განიცდის. არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველო, მოლდოვა, შესაძლოა სხვა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, ასევე ნატო-ს ქვეყნები, რომლებიც ამ თვალსაზრისით დამატებით დახმარებას საჭიროებენ. უნდა მიეწოდოთ აუცილებელი საშუალებები, რათა შეაკავონ, თავი დაიცვან აგრესიისგან და ნაკლებადსავარაუდო გახადონ პუტინისთვის იმის გაკეთება, რასაც უკრაინაში აკეთებს," - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ.

უსაფრთხოების ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება და მასთან გამკლავება, დამატებით საშუალებებს მოითხოვს. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ევროპის მხრიდან, უფრო მეტი კონტრიბუცია კოლექტიურ თავდაცვაში, მხოლოდ ვალდებულებების თანაბრად გადანაწილების სამართლიანობის საკითხი აღარ არის - საქმე უკვე აბსოლუტურ აუცილებლობას ეხება. ამ აუცილებლობას ხაზი გაუსვა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს ლიეტიუვის თავდაცვის მინისტრმაც, რომელიც მადრიდის სამიტზე ამ თემის წამოწევას ითხოვს.

"ევროპა უზარმაზარ პროგრესს განიცდის, თუმცა კიდევ მეტი უნდა გააკეთოს. მადრიდში ჩვენ 2 პროცენტიანი ნიშნულის თემა უნდა წამოვწიოთ. უნდა მოვახდინოთ თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირება, მეტის საწარმოებლად. ლიეტუვამ თავდაცვის ხარჯები, მთლიანი შიდა პროდუქტის ორნახევარ პროცენტამდე გაზარდა და კიდევ მეტის ვალდებულებას ვიღებთ," - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი.​

სპეციალისტები განუმარტავენ ალიანსს, რომ დღევანდელი უსაფრთხოების გამოწვევა არ არის მხოლოდ უკრაინაში ომი. რუსული საფრთხე მოკლევადიანი არ არის და გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოვი დღეს საკუთარ თავს დასავლეთთან მუდმივ კონფლიქტში ხედავს. ისინი ურჩევენ ალიანსს, მოხდეს ბირთვული სტრატეგიის გადახედვაც, რადგან მოსკოვი კიდევ მეტ ესკალაციაზე შეიძლება წავიდეს. ამერიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა, ალიანსში ფინეთის და შვედეთის ნახვას მხარს დაუჭერს. პენტაგონში თვლიან, რომ ჩრდილოეთ ევროპის სტაბილური და დემოკრატიული ქვეყნები, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, NATO-ში სერიოზულ ძალას შემოიტანენ.

დღის ამბები