ევროკომისიისგან ძალიან ობიექტური შეფასება იქნება, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს მისწრაფება ევროკავშირის ღირებულებებსა და ეკონომიკის საკითხებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით, დროის ხაზი კარგად იყო დაცული. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის შესახებ ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
"პატივია, რომ კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღეთ. გვაქვს მოლოდინი რომ მეორე ნაწილსაც მალე მივიღებთ - ეს ძალიან კარგია. დროის ხაზი კარგად იყო დაცული. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი.
კომისიის დასკვნა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის შესახებ ერთი თვის შემდეგ იქნება. მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოაქვეყნებს თუ არა კითხვარს და პასუხებს. მივესალმები, რომ კითხვარი მთვარობამ გაასაჯაროვა," - აცხადებს კარლ ჰარცელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გუშინ გადასცა. დოკუმენტი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.