მარიუპოლის ბოლომდე ასაღებად ოპერაცია განახლა - რუსულმა არმიამ აზოვსტალზე შტურმი ავიაციის, არტილერიის, ჯავშან-მანქანების და ცოცხალი ძალის საშუალებით დაიწყო, იქამდე ქარხნის ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა. აზოვის პოლკის ინფორმაციით, თავდასხმას ემსხვერპლა ორი ქალი, რომლებიც თავს ბუნკერს აფარებდნენ.
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტან სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ იერიშები ამ დრომდე გრძელდება.
"ამ დროისთვისაც გრძელდება იერიშები აზოვსტალის ქარხანაზე, ჯავშანტექნიკის გამოყენებით, ყველაფერს ვაკეთებთ მათ მოსაგერიებლად.
მოგიწოდებთ, რომ მოახდინოთ დაუყოვნებლივი ევაკუაცია ქარხნის ტერიტორიიდან და გადაიყვანოთ ეს ადამიანები უსაფრთხოდ ზაპოროჟიეში.
მტრის სამხედრო საზღვაო ფლოტი და არტილერია მთელი ღამის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანას უტევდა. ცვიოდა ბომბები, ამის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე, 2 ქალი დაგვეღუპა. 10 ადამიანს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული,"- აცხადებს პალამარი.
ვადიმ ბოიჩენკო, მარიუპოლის მერი კი ამბობს, რომ აზოვსტალს ყოველდღე ბომბავენ.
"სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღე გვესმის ცუდი ინფორმაცია , ყოველდღე ბომბავენ აზოვსტალს. ყოველდღე უწევთ გმირებს ჩვენი ციხესიმაგრის - აზოვსტალის დაცვა. ახალაც ეს ხდება იქ, ზუსტად. მარიუპოლი ბლოკადაშია და ძალიან რთულია გავაკონტროლოთ ის მარშრუტები, რომლითაც ხალხს გამოიყვანენ, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.
მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები ახერხებენ მცირე პროგრესის მიღწევას ამ კუთხით. ჩემი მონაცემებით, მარიუპოლიდან ევაკუაციას 100 ათასი ადამიანი ელოდება . სამწუხაროდ, მალე არამხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემა გვქნება, არამედ ინფექციებთან გამკლავებაც მოგვიწევს. რუსები აიძულებენ ჩვენს მოქალაქეებს, საკვების მიღების სანაცვლოდ, საფლავები გათხარონ,"- აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მენეჯერი უკრაინაში, დორიტ ნიზანი აცხადებს, რომ ევაკუირებული უამრავი ბავშვი და ქალი უკვე ზაპოროჟიეს მისაღებ ცენტრშია.
"ჩვენ უკვე მივიღეთ ბევრი ქალი და ბავშვი, რომლებიც ჩავიდნენ მარიუპოლიდან და მის გარშემო მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან, ზაპორიჟიას მისაღებ ცენტრში. კიდევ რას ვნახავთ ავტობუსებში, არ ვიცით. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, დამწვრობების, მოტეხილობების და ჭრილობების, ასევე რესპირატორულ ინფექციებთან გასამკლავებლად.
ასევე, მზად ვართ, გადავარჩინოთ ორსული ქალები, ბავშვები. ჩვენ ყველა აქ ვართ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად არის მომზადებული. გაეროს ოფიციალური პირები კომუნიკაციაში არიან ხელისუფლებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ისინი გზაში არიან,"- აცხადებს დორინტ ნიზანი.