15 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლების განცხადებები აღვივებს ანტიუკრაინულ განწყობებს საქართველოს მოსახლეობაში - მართველი გუნდის პასუხი პოდოლიაკს

თბილისი კიევისგან ისევ მტკიცებულებებს ითხოვს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი შინაარსის განცხადებები არასერიოზულია. უმრავლესობა ამბობს, რომ უკვე მერამდენედ, ქართული მხარე უსაფუძვლო ბრალდებებს ისმენს. ასეთი შინაარსის კომენტარებმა კი, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას შეუწყოს ხელი. 

"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი განცხადებები, პირიქით, აღვივებს ანტიუკრაინულ განწყობებს საქართველოს მოსახლეობაში და ეს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ჩვენი ორი მეგობრული ქვეყნების სტაბილური ურთიერთობების გაგრძელებას. ამის საფუძველი, სამწუხაროდ, არის ის, რომ როგორც ქვეყნის შიდა ძალებმა, "ნაციონალური მოძრაობის" სახით და "ნაციონალური მოძრაობის" ერთეულმა წარმომადგენლებმა, წარმოდგენილია უკვე უკრაინის ხელისუფლების სახით.

მთავარი მოტივია ჰიბრიდული ომის ნაწილი გადავიტანოთ ქვეყნის გარეთ, გაგვიხსნან ცეცხლი უკრაინიდან, რომ საქართველო, როგორმე, ჩათრეული იქნას ომში. ბიძინა ივანიშვილი წელიწადზე მეტია უკვე, გავიდა პოლიტიკიდან, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მასზე შტურმი მიიტანონ პერსონალურად და ამით ჩირქი მოსცხონ მისივე დაფუძნებულ "ქართულ ოცნებას,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი კი უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. 

"ტყუილად ნუ ცდილობენ კეთილგანწყობილი მეგობარი ხალხი გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობაში. დღეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთთან კავშირში და მათი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და საქართველოს, მის მეგობარ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რა ბერკეტიც გააჩნია, ასე უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს, უბრალოდ, არასერიოზულად აღიქმება,"- აცხადებს ბექა დავითულიანი. 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. მიხაილ პოდოლიაკმა ინტერვიუ "ამერიკის ხმას" მისცა. ის ამბობს, რომ მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს.

დღის ამბები