უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, ქართული ოპოზიციური სპექტრი ეხმიანება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამას სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებები განაპირობებს და ამბობენ იმასაც, რომ უკრაინა საქართველოსგან გაცილებით მეტ მხარდაჭერას ელოდება.
ასევე, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებსა და უკრაინის მხარდამჭერ გზავნილებში უფრო მკაფიო უნდა იყოს.
"ჩემი აზრით ეს ძალიან ბუნებრივი და მოსალოდნელი ამბავი იყო, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია ისევე, როგორც ამ წუთას უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას რაც ახლა საქართველოს მთავრობას უჭირავს. ჩემი აზრით მადლობაც არის სათქმელი იქედან გამომდინარე, რომ არ გაგვაიგივა ქართველები იმ პოზიციასთან, რომელიც უბრალოდ არ გვეკადრება,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ უარყოფს იმას, რომ ემსახურება სანქციების ქვეშ მყოფ გემებს პორტებში, ასევე, არ უარყოფს იმას, რომ აგრძელებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან.