ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ უწყება ბორჯომის ქარხნის საკითხზე აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ზუსტდება იურიდიული დეტალები, რათა იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეხმარება ბორჯომს, დასაქმებულებს და ამავდროულად იქნება შეთანხმებული პარტნიორებთან.
"ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები.
ჩვენ პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროცესის მხარე მხოლოდ ჩვენ არ ვართ და არის ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც გაუხმაურებლობის შეთანხმება გვაქვს და პარტნიორის თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გიზიარებთ.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში, ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთისთვის დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა კომპანია "ბორჯომზეც" იმოქმედა და მან წარმოება დროებით შეაჩერა.
2013 წლიდან "IDS ბორჯომის" საკონტროლო - 60%-იან პაკეტს რუსული "ალფა ჯგუფი" ფლობს. "ალფა ჯგუფის" დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.