15 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
გადავწყვიტეთ, ხვალ საღამოს კანცელარიასთან, 19:00 საათზე დავაორგანიზოთ აქცია - სააკაშვილის ძმა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილის ძმამ განაცხადა.

"ორი დღე ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს და გვესმის ქილიკი, შეურაცხყოფა ჩვენი ოჯახის... "თუ საჭმელია, ჭამოს არაჟანი" და ა.შ.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, აღარ არის დრო ასე მოექცეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინსვლაში, ამიტომ ჩვენ, ოჯახმა, გადავწყვიტეთ, ხვალ საღამოს, კანცელარიასთან 19:00 საათზე დავაორგანიზოთ აქცია," - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს პატიმრის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანას.

ადვოკატი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა დროულად მიეწოდოს.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და ეს შეინიშნება ვიზუალურად, არაპროფესიონალის თვალითაც. ჩემს პირად შთაბეჭდილებას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, რომელიც მიუთითებს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობას აქვს და იმაზე, რომ აუცილებლად დროულად იქნეს გადადგმული სათანადო ნაბიჯები და მკურნალობა მიეწოდოს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი შესაძლოა დასრულდეს დაინვალიდებით, ან მისი გარდაცვალებით," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა

ამასთან, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.

"​მცდელობაა და ისეთივე მესიჯბოქსია, როგორც "ომის პარტია", "ომში ჩათრევა". შესაბამისად, ანალოგიური მცდელობაა, შეიმუშავონ და რაღაც აზრი ჩამოაყალიბონ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება იყოს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება. როგორ წარმოუდგენიათ?! - ყველა ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ, პირიქით, ამ შემთხვევაში, სიცოცხლის შენარჩუნება არის კრიზისის დაძლევა, რომელიც ძალიან გვჭირდება თითოეულს," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყენებს თვითდაზიანებებს, რათა კანონის გვერდის ავლით თავი დააღწიოს საპატიმროს. ამილახვარი სააკაშვილის ურჩევს, რომ მიიღოს ცილა, ამისთვის კი, საზღვარგარეთ გადასვლა არ არის საჭირო.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სპეკულაციებით ოპოზიცია სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ცდილობს, თუმცა ამილახვარის თქმით, "მიხეილ სააკაშვილი აღარასდროს აღარ გახდება სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი."

დღის ამბები