საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. ხაზი გაესვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას მოემსახურება.
განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. აღინიშნა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობას.
განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.
მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართველოს მხრიდან კი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.