საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხით "ნაციონალური მოძრაობა" სპეკულირებს და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ცდილობს.
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყენებს თვითდაზიანებებს, რათა კანონის გვერდის ავლით თავი დააღწიოს საპატიმროს. ამილახვარი სააკაშვილის ურჩევს, რომ მიიღოს ცილა, ამისთვის კი, საზღვარგარეთ გადასვლა არ არის საჭირო.
"გუშინ უკვე ერთეული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბაქიბუქური განცხადებებით გამოიკვეთა რაღაც მიმდინარეობა, რასაც, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებშიც ექნება გაგრძელება, რომ ისინი რაღაც რადიკალურ ზომებზე გადავლენ და სააკაშვილი გახდება სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი. მიხეილ სააკაშვილი აღარასდროს აღარ გახდება სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი. ამ ქვეყანაში აღარასდროს აღარ იქნება სამოქალაქო დაპირისპირება," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ სააკაშვილის გუნდში. "ნაციონალური მოძრაობის" პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვა არის კრიზისიდან გამოსავალი
"მცდელობაა და ისეთივე მესიჯბოქსია, როგორც "ომის პარტია", "ომში ჩათრევა". შესაბამისად, ანალოგიური მცდელობაა, შეიმუშავონ და რაღაც აზრი ჩამოაყალიბონ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება იყოს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება. როგორ წარმოუდგენიათ?! - ყველა ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ, პირიქით, ამ შემთხვევაში, სიცოცხლის შენარჩუნება არის კრიზისის დაძლევა, რომელიც ძალიან გვჭირდება თითოეულს," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.