საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მოლდოვასა და საქართველოს შესახებ "კურიერის" შეკითხვებს უპასუხა. ნედ პრაისი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამერიკული მხარე ყოველთვის კავშირზეა პარტნიორებთან და მათ მხარდაჭერას განაგრძობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ კიშინოვში გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მიშელმა მოლდოვასთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გამოყოფაზე ისაუბრა, "კურიერმა" ჰკითხა ადმინისტრაციას, თუ აპირებს ვაშინგტონიც, გაუზარდოს სამხედრო დახმარება მოლდოვას და საქართველოს - ქვეყნებს, რომელთა წინაღმდეგ რუსული აგრესიის გაგრძელების საფრთხეზე შეერთებულ შტატებში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საუბრობენ.
"კურიერის" ჟურნალისტმა დავით ნიკურაძემ ჰკითხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს, თუ ხედავს ახალი აგრესიის საფრთხეს, ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყება.
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს თქვა, რომ ევროკავშირი მოლდოვას, მედეგობის გასაძლიერებლად, დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. თუ განიხილავს შეერთებული შტატები, დამატებით სამხედრო დახმარებას მოლდოვასთვის და საქართველოსთვის და თუ ხედავთ ახალი რუსული აგრესიის საფრთხეს რეგიონში, ამ ქვეყნების წინააღმდეგ?
- მოლდოვაც და საქართველოც, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები ვართ. ამ ერთგულების დემონსტრირება არაერთი გზით მოვახდინეთ. ჩვენ ახლახანს მოლდოველ კოლეგებთან ხელახლა დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიშინიოვში გახლდათ, სადაც მოლდოვის ხელმძღვანელობას შეხვდა. კიდევ ერთხელ ჰქონდა მოლდოვის ლიდერებთან აქ შეხვედრის საშუალებაც, სტრატეგიულ დიალოგზე. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ბევრ სხვადასხვა ელემენტს მოიცავს. მოლდოველი პარტნიორებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვანი რაოდენობა უზრუნველვყავით. ჩვენს სამხედრო ძალებს ეფექტური პარტნიორობა აქვთ. ისინი მხარდამხარ მსახურობდნენ კოსოვოში და როგორც ვთქვი, მოლდოვის და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ჩვენი ერთგულება არის ის, რის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ.
- თუ გაქვთ დაგეგმილი რამე მოლაპარაკება ქართულ მხარესთან, რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე?
- მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენი საელჩოს და დეპარტამენტის მეშვეობით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. მათ შორის უდაოდ არიან ჩვენი კოლეგებიც თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. კიდევ ერთხელ, რაც თქვენს წინა შეკითხვას ეხება, ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შეიძლება ჰქონდეს რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის მისწრაფება. ვფიქრობ, რუსული აგრესიის ასეთი საშინელი შემთხვევების წინააღმდეგ ეფექტურები რომ იყვნენ, ამის დემონსტრირებას, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების საჭიროებათა უზრუნველყოფით ვახდენთ და ვუჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ასეთ ქმედებებს არ შეეგუებიან.