უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნგრეთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს რუსეთის მიმართ ევროკავშირის ახალ სანქციებს იმ ფორმით, რაც ახლა შემოთავაზებულია და რომელიც მოიცავს ემბარგოს ნავთობის იმპორტზე, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბი". ასევე, აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუ დაინახავს ახალ წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს უნგრეთის ინტერესებს.
"მე არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს," - განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი, რომელიც გულისხმობს რუსეთის ნავთობის იმპორტის შეწყვეტას. ამან რამდენიმე ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია.