ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ხვალ გადაეცემა. ოპოზიციის ნაწილი კითხვარის შევსებისას მათი არ ჩართულობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ნაწილი კი, ყურადღებას მთავრობასთან ერთად დაჩქარებული წესით გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ამახვილებს. საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი 2300-მდე კითხვას შეიცავს და ის სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებს ეხება.
"მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები გავეცით ისე, რომ ეს პასუხები დარჩა საიდუმლო. არ მოხდა ამაზე დისკუსია, არ იყო ჩართული ოპოზიცია. ამიტომ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩვენ ძალიან რთული და დიდი გზა გვაქს,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს უჭერს საქართველოს არჩევანს ევროინტეგრაციის პროცესში.
"ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არის ჩვენი ცივილიზირებული არჩევანი და რა თქმა უნდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" გულშემატკივრობს გაწევრიანების პროცესს. დარწმუნებული ვარ პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიის სტანდარტს შეეხება დაგვიბრუნებენ პასუხებს და ხელისუფლებასთან ერთად უნდა გავაკეთოთ რეფორმები ამ მიმართულებით,"-აცხადეებს პაატა მანჯგალაძე.