არსებობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და გარკვეული მოსაზრება გამოაქვეყნა. ამ თვალსაზრისით, არანაირი შეზღუდვა არ არის- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, ექსპრეზიდენტთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლის უფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ არის პარლამენტის კომპეტენცია.
"ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ არის პარლამენტის კომპეტენცია. აქ მთავარია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი რამ - ერთი, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე პირადად რასაც ვისმენ არის ის, რომ მას ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი შეეთავაზება და ზოგიერთზე ამბობს უარს. აქ არ არის საკითხი იმაში, რომ არის რაღაც სერვისები, რომელიც საქართველოში არ არსებობს. მაგალითად, ფსიქოლოგის მომსახურება მე, როგორც ვიცი ეს სჭირდება მას უპირველეს ყოვლისა. ასევე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ არის ცალკეული მედიკამენტები, რომელსაც არ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებულნი იყვნენ იმით, რომ მოუწოდებდნენ და არწმუნებდნენ მას, რომ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის შეთავაზებული ყველა სამედიცინო სერვისი მიიღოს. აქ შერევა ხდება საკითხის, რომ ამით მოხდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება - ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ დაუშვებს,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.