15 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და სხვა საკითხებს, ევროკავშირთან დაახლოების მხრივ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ხვალ გადაეცემა. დოკუმენტი 2 ათას 300-მდე კითხვას შეიცავს და ის სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებს ეხება. ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მობილიზაცია მოახდინა, რათა კითხვარის შევსება დაჩქარებული წესით მომხდარიყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და სხვა საკითხებს, დაახლოების მხრივ.

"საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხი განიხილება ერთად. ჩვენ ვართ ტრიოს წარმომადგენელი სამი ქვეყანა, რომლებიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, საქართველო ამ ქვეყანას შორის არის ერთ-ერთი ლიდერი, რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და სხვა საკითხებს, დაახლოების მხრივ. 40% შეთანხმებისა უკვე შესრულებულია საქართველოში და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ დაახლოებული ვართ." - აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლის ზარქუა ამბობს, რომ ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ყველა უწყება, მთელი ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ თემას.

"ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ეს არის ჩემი აზრით, ისტორიული შესაძლებლობა, ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი. პირველ რიგში მივიღოთ სტატუსი და ბუნებრივია ამისთვის ჩვენი ყველა უწყება, მთელი ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ თემას. პირველი ნაწილი ჩვენ ჩავაბარეთ, მეორე ნაწილსაც გადავცემთ და ივნისში მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს რომ მიიღოს ეს სტატუსი." - თქვა ზარქუამ.

დღის ამბები