თბილისში ევროპის დღე აღინიშნება. კინოთეატრი "ამირანი", კინოსურათის, "მე და ევროპის" ჩვენებას მასპინძლობს. ფილმი მოიცავს ოთხ ამბავს საქართველოს ოთხი რეგიონიდან. ფილმი, ევროკავშირის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, რეჟისორმა გიორგი ქველიძემ გადაიღო. ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კარლ ჰარცელმა ყველა ევროპელს, მათ შორის ყველა ქართველს ევროპის დღე მიულოცა. მისი თქმით, სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ და მზად არიან დახმარებისთვის, რომელიც დაფუძნებულია იმავე ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.
"ვულოცავ ყველა ევროპელს და მათ შორის ყველა ქართველს ევროპის დღეს. ევროპის დღეს ევროკავშირის დაფუძნებას და იმ ღირებულებებს აღვნიშნავთ, რომელზეც ის არის დაფუძნებული. ცხადია, რომ წელს ევროპის დღის აღნიშვნა ხდება იმ საშინელი ომის ჩრდილში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა სოლიდარულნი ვართ უკრაინის მიმართ და მზად ვართ დახმარებისთვის, რომელიც დაფუძნებულია იმავე ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ველოდები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე თბილისის მერთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ბევრ სხვასთან შეხვედრას, ვინც პატივი დაგვდო და ჩვენთან ერთად აღნიშნავს ევროპის დღეს, რადგან ევროპის დღე მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, ეს ეხება იმ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს," - განაცხადა ჰარცელმა.