სტრასბურგში ევროპის დღე აღინიშნება, განიხილება ევროპის მომავალი. ევროპარლამენტში პოლიტიკოსები, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი შეიკრიბნენ.
განიხილეს ევროკანონმდებლების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 49 წინადადებას მოიცავს და რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს ევროპა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
დღეს არაერთხელ ითქვა, რომ უკრაინის ომმა კონტინენტზე ახალი რეალობა შექმნა.
ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მძიმე სურათის მიუხედავად ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და ევროპას ალტერნატივა არ აქვს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის მომავალი უკრაინის მომავალს უკავშირდება. ამასთან, ხალხი დღეს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უყურებენ.
"ევროპის მომავალი ჯერ კიდევ არ დაწერილა და ისტორიების შექმნა თქვენზე დამოკიდებული. პრეზიდენტმა პუტინმა როცა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, მსოფლიო შეიცვალა. როგორ შევაჩეროთ ომი და როგორ ვუპასუხოთ მომხდარს - ეს ახლა ჩვენი ლაკმუსის ტესტია. უკრაინაში ჯერ კიდევ რუსი სამხედროები იმყოფებიან, უკრაინა ჯერ კიდევ იბომბება, ისევ აუპატიურებენ ქალებს, ხალხი ჯერ კიდევ ბლოკადაშია მარიუპოლში. ევროპისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ევროპის მომავალი უკრაინის მომავალს უკავშირდება, როგორ განსჯის ისტორია ჩვენს ქმედებებს. ამ ახალ მსოფლიოში მომავალი ერთად უნდა დავწეროთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ევროპარლამენტი იბრძოლებს ძლიერი ევროპისთვის. ხალხი დღეს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვიყურებენ ჩვენ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანამ თავის გზა უნდა აირჩიოს, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს რომ დავხმაროთ ხალხს უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება," - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს უკრაინამ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილი, რაც კანდიდატის სტატუსის საკითხს გულისხმობს.
"რუსეთის მცდელობამ, გადაწეროს რუკები, შექმნა საშიშროება წარსულისა და მომავლის წაშლის. ევროპა შეცდომას არ დაუშვებს. დემოკრატია არ ცვდება, საჭიროა მასზე მუშაობა, რომ მოხდეს მისი გაუმჯობესება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ღონისძიება ახლა მოსკოვში. ევროპა ოცნებაა, რომელიც ბრწყინავს არამხოლოდ ჩვენ გულსა და გონებაში, არამედ კიევში, ხარკოვში, მთელს უკრაინაში. ყველა ახალგაზრდა უკრაინელი ადამიანის თვალებში, რომლებმაც თავშესაფარი ევროკავშირის ტერიტორიაზე იპოვა. მე ვესაუბრე დილით პრეზიდენტ ზელენსკის ვიდეო კონფერენციის რეჟიმში. მას სურდა ვირტუალურად ჩამხუტებოდა. მან გადმოგვცა შევსებული კითხვარი კანდიდატის სტატუსის საკითხზე, რომელიც 5 ათას გვერდზე მეტია. მინდა განსაკუთებული გზავნილი გადმოგცეთ - ევროპის მომავალი, უკრაინის ევროპული მომავალი თქვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი დემოკრატიის მომავალია," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.