15 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეშია - ცნობა, რომ ექსპრეზიდენტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მცდარი აღმოჩნდა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას ელოდება. რატომ სურს ექსპრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, ამაზე "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი პასუხი აქვს, მათთვის განმსაზღვრელი მკურნალობის პროცესშიც პოლიტიკური კონტექსტია.

სწორედ პოლიტიკური ნაწილის ჩამოშორებას ითხოვს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს იუსტიციის მინისტრი. რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებულ სააკაშვილზე მეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში ხორციელდება და პენიტენციური სისტემა მზადაა ყველა საჭირო სერვისის შეთავაზებისთვის, მათ შორის მინისტრის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში პატიმარს ქვეყნის შიგნით არსებულ სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანენ.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონსილიუმის შეკრების ინიციატივით გამოდის ოპოზიციის ნაწილი. მათი თქმით, შემადგენლობა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილის პირადი ექიმებით და უცხოელი სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. პარტიების ნაწილი გამოსავალს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სტრატეგიის შეცვლაში ხედავს.

ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მომხრეებს, მმართველი გუნდი ურჩევს, სააკაშვილი ექიმის რეკომენდაციების გაზიარებაში დაარწმუნონ. აქცენტს სამართლიანობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სააკაშვილი კი გამონაკლისი ვერ იქნება.

ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები იმის მიზეზად, რომ ბოლო 2 სასამართლო პროცესია სხდომებს მსაჯვრდებული არ დასწრებია. ხვალ კიდევ ერთი სასამართლოა ჩანიშნული, ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე - თუმცა უცნობია გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი სასამართლო დარბაზს მორიგი განცხადებების გასაკეთებლად.

დღის ამბები