15 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
ევროკავშირი შევსებული კითხვარის მეორე ნაწილს ელის - 2300-მდე კითხვისგან შემდგარ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადება საქართველომ უკვე გააკეთა და კითხვარიც სრულად შეავსო. მეორე ნაწილის ევროკავშირისთვის გადაცემა ვადაზე ადრე იგეგმება. კარლ ჰარცელი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეში ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე პირველად გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დოკუმენტის პირველი ნაწილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეორე ნაწილი კი, რომელიც 33 თავსა და 2300 შეკითხვას აერთიანებს, დარგობრივ თემებს მოიცავს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას არკვევს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეფორმების განხორციელების კუთხით, საქართველო ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანაა.

ოპოზიციისთვის ახალა მთავარია ევროკავშირის პოზიცია შევსებულ კითხვარზე. პარტიების წარმომადგენლები მეორე ნაწილის პასუხების გასაჯაროებასაც ითხოვენ.

ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე, პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქვეყანა ყოველთვის ითვალისწინებს პარტნიორების რეკომენდაციებს და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. 11 აპრილს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი გადმოგვცეს. ქვეყნის განაცხადზე მოსაზრება ევროკომისიამ, ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები