იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებაზე დასმულ კითხვას პასუხობს. ოპონენტების შეთავაზება გულისხმობს რეაბილიტაციის მიზნით ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას და მას თავდებში ენმ-ს წევრები უდგებიან.
რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ამბობს გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს.
"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შემოთავაზებას, ამაზე არ ვიცი საერთოდ რამდენად ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს ეს ხალხი, რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული. იგი საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ ჰქონდეს სხვა შესაძლო გართულებები, მას გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილი იქნეს კლინიკა "ვივა მედში" - ამბობს რატი ბრეგაძე.
რატი ბრეგაძე ოპოზიციის კიდევ ერთ შეთავაზებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას გულისხმობს.
კერძოდ, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ხელისუფლებას სთავაზობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად აშშ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექსპერტები მოიწვიონ.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ადამიანი არის პაციენტი, მას აქვს რაიმე სახის დაავადება, მის ჯანმრთელობაზე, ასევე მკურნალობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა. საინტერესოა, ქალბატონ თამარ კორძაიას რა სახის სამედიცინო განათლება აქვს, რის საფუძველზე ამბობს, რომ რომელიღაც კონკრეტული ექიმის ჩართულობაა საჭირო, ეს ჩემთვის გაუგებარია. გადაწყვეტილებას მკურნალობის შესახებ იღებენ ექიმები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვა პროფილის ექიმის ჩართულობაზეც, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მიღებს შესაბამისი კლინიკა, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი განაცხადებს თანხმობას აქ გადასვლაზე," - ამბობს რატი ბრეგაძე.